|

09.02.2010
"უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია პირობას დებს, რომ ოფიციალურ შედეგებს 17 თებერვალს გამოაქვეყნებს", განაცხადა ცესკო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ შაპოვალმა. ამ დროისთვის დამუშავებულია ოქმების 97,34 % - ვიქტორ იანუკოვიჩს 48,34 % აქვს, იულია ტიმოშენკოს 46,05 % . გამარჯვებისთვის ხმათა უბრალო უმრავლესობაა საჭირო. ყველაზე ნაკლები ბიულეტენები ყირიმისა და ლუგანსკის ოლქებშია დათვლილი, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, იანუკოვიჩი ლიდერობს.
ტიმოშენკომ ამომრჩევლებს ხმების დაცვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ეგზიტპოლების მონაცემები მხოლოდ სოციოლოგიაა და არჩევნების საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე რომელიმე კანდიდატის გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია.
იანუკოვიჩის მხარდამჭერები კი, ცესკო-სთან მიტინგს მართავენ. "რეგიონების პარტიის" წარმომადგენელმა, ნესტორ შუფრიჩმა მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ "უკრაინაში ახალი ცხოვრება იწყება". პარტია პრეზიდენტს, გენერალურ პროკურატურასა და უშიშროების სამსახურს მოუწოდებს, ლუგანსკისა და ყირიმის საოლქო კომისიებში წესრიგი გაამყარონ - მათი ინფორმაციით, ტიმოშენკოს ბლოკის დეპუტატების, სენჩენკოსა და კოროლევსკის ხელმძღვანელობით მუშაობა იბლოკება. "ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მოსახლეობის არჩევანი აღიარებული იყოს და ტიმოშენკომ ვერ შეძლოს შედეგების ფალსიფიცირება", აცხადებენ პარტიაში.
|